საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ კარტოგრაფების საქმეზე სააკაშვილი დაკითხონ პროკურორი არ გამორიცხავს, რომ კარტოგრაფების საქმეზე სააკაშვილი დაკითხონ
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

კარტოგრაფების საქმეზე, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც დაკითხონ. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყება "შესაძლებლობაზე" საუბრობს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეში ცალკე გამოძიებადაა გამოყოფილი ე.წ. დამკვეთების შესაძებ მოკვლევა. რაც გულისხმობს იმ პირების დადგენას, თუ ვინ გასცა დავალება, რომელმაც ქვეყნის ინტერესები დააზიანა.

სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე საუბრობს პროკურორი მიხეილ სადრაძე.

„ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება და შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და ეცოდინება არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ", - ამბობს პროკურორი.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვა დღეს განახლდა. როგორც ცნობილია, მიზეზი მოსამართლის ცვლილება გახდა, რამაც არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველი გააჩინა.

მელაშვილის თქმით, 2020 წელს მისი და ილიჩოვას დაპატიმრებაც და ახლა საქმის წარმოების განახლება  ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, რაც უმყარებს ეჭვებს, რომ პროცესი პოლიტიზირებულია.

„იმდენად აბსურდულია ბრალდებები, ვინც უნდა იყოს, მელაშვილი თუ ყოფილი პრეზიდენტი, არ მგონია, რომ რაიმე გამოიკვეთოს", - ამბობს მელაშვილი მედიასთან საუბრისას.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება და ამტკიცებს, რომ კარტოგრაფებმა გარეჯის საკითხის განხილვისას ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგეს და საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაში არ გამოიყენეს კონკრეტული რუკები.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მმართველი ძალის ოპონენტები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. მათი განცხადებით, ილიჩოვასა და მელაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყება ერთი მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო 2020 წელს, ხოლო მეორე მხრივ ყოფილი მაღალჩინოსნების კვალზე გასვლის მცდელობა.

კარტოგრაფები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ. მელაშვილისა და ილიჩოვას თქმით, რუკები, რომელთა არგამოყენების საკითხიც სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა, არასწორადაა შედგენილი.

ილიჩოვა და მელაშვილი იანვარში გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. 

სექტემბერში ე.წ. სუს-ის კრებსების გაჟონვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, სავარაუდოდ, იქამდე უსმენდნენ, სანამ პროკურატურა საქმის წარმოებას დაიწყებდა.

კომენტარები