საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება უკვე ვიზუალურადაც ჩანს ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება უკვე ვიზუალურადაც ჩანს
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესება უკვე ვიზუალურადაც ჩანს. ამიტომ აუცილებელია ექსპრეზიდენტთან მისი პირადი ექიმის ვიზიტი.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ორშაბათიდან მოყოლებული ექსპრეზიდენტს ვერ ნახულობს, რადგან შესაბამისი საშვის ვადა ამოეწურა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილის უფლებადამცველები ელოდებიან უწყებიდან პასუხს, შეძლებს თუ არა პირადი ექიმი ექსპრეზიდენტის მონახულებას.

“პირველი სიმპტომი, რაც ჩვენ აქამდე არ შეგვინიშნავს, ეს იყო საკმაოდ თვალში საცემი სიფერმკრთალე“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ არ არიან წინააღმდეგი, სახალხო დამცველმა და პარლამენტმა სააკაშვილის უფლებების დაცვის და ჯანმრთელობის მონიტორინგი აწარმოონ, თუმცა ეს მექანიზმი მათ არაეფექტურად მიაჩნიათ. ექიმთა ჯგუფის ჩართვის წინააღმდეგი არც სააკაშვილი არაა, თუმცა მას თავისი ექიმის მონახულებაც სურს.

„არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ რაღაც დიდ მოლოდინსაც არ ვიქმნით“, – ამბობს საძაგლიშვილი.

იუსტიციის სამინისტრომ ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოსაყოფად ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს 12 ოქტომბერს მიმართა. სამინისტრომ ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზისთვის მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნა სთხოვა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

იუსტიციის სამინისტრომ ამავე განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუდნაძესაც.

სამინისტრო მათ სთხოვს პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის, ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მონიტორინგში. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს მედიას უთხრა, რომ დიდი სიამოვნებით ჩაერთვება მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფში.

“ეს იქნება მრავალსაფეხურიანი დაზღვევის მექანიზმი, რომ, ერთი მხრივ, დაზღვეული იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე დაზღვეულ იყოს ის, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას,“- უთხრა მედიას დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 13 დღეა, შიმშილობს. ის 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების შემდეგ დაიწყო.  

კომენტარები